geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია უზბეკეთის მსოფლიო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია უზბეკეთის მსოფლიო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა.

 

სტუდენტები თსუ-ში სამი კვირის განმავლობაში სწავლობდნენ ქართულ ენასა და კულტურას ინტენსიური ჰიბრიდული კურსის ფარგლებში. კურსი მოიცავდა როგორც ენის პრაქტიკულ მეცადინეობებს, ისე ლექციებს აბრეშუმის გზის ისტორიულ-კულტურულ პერსპექტივებზე, ტურიზმზე და თანამედროვე ქართულ რეალობაზე.

 

სასწავლო პროცესს თან ახლდა მრავალფეროვანი კულტურული აქტივობები: მცხეთის, გორის, ატენის სიონის და უფლისციხის მონახულება, ასევე დაუვიწყარი ტური კახეთში. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ამ მცირე დროში მოასწრეს თბილისის შეყვარება და მომავალში კვლავ გეგმავენ საქართველოში დაბრუნებას.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, უზბეკეთის მსოფლიო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს ტაშკენტში ქართული ენისა და კულტურის კაბინეტის გახსნას, ხოლო თსუ-ს სთავაზობს საკუთარი რესურსის გამოყენებას - უზბეკური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.

 

თარიღი: 07/09/2026